გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში  კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იყო.
როგორც ცნობილია, ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს.
ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალება ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიუსამძიმრეს. ლევან შონიამ და ლაშა გოგიამ გიგა ოთხოზორიას დედას თანადგომა გამოუცხადეს.
ზურაბ ოთხოზორიას შვილი, გიგა ოთხოზორია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მოკლეს.
სასამართლომ მისი მკვლელი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის იანვარს საქმეზე საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
საია საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას.

Comments