Skip to main content

რა ინფორმაცია მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრისაგან


12 მაისი 2018

რა ინფორმაცია მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრისაგან

კობახიძე კლუბებში სპეცოპერაციასა და ნარკოპოლიტიკაზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. ელექტრონული მუსიკის ფონზე ისინი ღამის კლუბებში, 12 მაისის ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას და ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ. „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცდანიშნულების რაზმები ღამის 1-ელ საათზე შევიდნენ და ახალგაზრდებს ტერიტორია დაატოვებინეს. ვითარება კლუბების გარეთ დაიძაბა, როცა პოლიციელები და უკმაყოფილო მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა დილამდე გაგრძელდა. დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა და რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია ნარკორეალიზატორებსა და კლუბს შორის კავშირის შესახებ. საჭირო იყო თუ არა სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება, გადაამეტეს თუ არა ძალას სამართალდამცველებმა, კითხვები აქვთ სახალხო დამცველსაც და არასამთავრობო სექტორსაც. სპეცოპერაციის მეთოდები არ მოსწონსღამის ეკონომიკის მენეჯერს. თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
 
აქცია პარლამენტთან
ფოტო: მარიამ ოშხნელი

პირველ რიგში, თქვენი შეფასება გვაინტერსებს წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?
მინდა დავიწყო იმით, რომ გამოვხატავ პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დღეს რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით დგას და მინდა გამოვხატო პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ. ასევე ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. ეს ჩვენთვის ნამდვილად არის პრიორიტეტი. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხს და მოვლენებს, რომელიც განვითარდა გუშინ და დღეს თბილისში, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ მინიჭებული ფუნქცია და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინტერესების დაცვას...
ეს როგორ დაგისაბუთათ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ? ის, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ დაობენ ფორმაზე, რამდენად იყო აუცილებელი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შევიდა კლუბში, მაშინ როდესაც იქ ახალგაზრდები იმყოფებოდნენ?
მაგაზეც მოგახსენებთ. პირველ რიგში უნდა განიმარტოს მიზანი. მიზანი იყო ის, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეს არის ჩვეულებრივი მიღებულ პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყნებში.
როგორი?
როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ასევე საჭიროა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა, ბუნებრივია არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ფაქტი, ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი, ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება პროპორციულობას...

Comments