ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დაიწყო, რომელზეც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა დაიწყო, რომელზეც საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა 16-17 იანვარს ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცის ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ.
შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც  გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს.
„შეხვედრაზე განიხილება ალიანსის სამხრეთ ფლანგზე არსებულ გამოწვევები. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ. საქართველოსთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თავდაცვის სფეროში რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე”, – ნათქვამი პრესრელიზში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.
ნატოს სამხედრო კომიტეტი, სამხედრო მეთაურების დონეზე, წელიწადში ორჯერ ბრიუსელში იკრიბება, რათა ალიანსის ოპერაციებსა და მისიებზე იმსჯელოს.

Comments