ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ქეთევან ციხელაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კანცლერის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა გერმანიის ოფიციალურ პირებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებზე არსებული მდგომარეობის, განგრძობადი ოკუპაციიდან მომდინარე გამოწვევების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამყოფ ხაზზე საოკუპაციო ძალის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების, მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში ბანერების დადგმაა.
“ბანერები და მავთულხლართები არის ხელშესახები ნაწილი და გაგრძელება ოკუპაციისა. ხელოვნური ბარიერების აღმართვა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. საოკუპაციო ძალის ქმედებები არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ამასთან, ამძიმებს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ამ ხასიათის პროვოკაციებზე ჩვენი პასუხი, ერთის მხრივ, არის სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ამოცანა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შემსუბუქებაა. საოკუპაციო ძალის მხრიდან პროვოკაციების პრევენციის, ასევე დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის და პარტნიორების მხარდაჭერას და ჩვენ აქტიურად და რეგულარულად ვმუშაობთ საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მობილიზებისა და კონსოლიდირებისთვის. სწორედ ეს არის ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მთავარი მიზანიც - მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს პარტნიორებს გამყოფ ხაზებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომების შესახებ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილი გერმანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი 4 ივლისს გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გუშინ დადგეს. მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.
Comments
Post a Comment