ჯექსონ პოლოკის დაკარგული ნახატი იპოვეს


ჯექსონ პოლოკის 
ნაპოვნი ნახატი
ამერიკელი მხატვრის ჯექსონ პოლოკის ნახატი, რომელიც აქამდე დაკარგული იყო, არიზონის შტატში, ერთ-ერთ ავტოფარეხში იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნახატი ამერიკელი პენსიონერის სახლში აღმოაჩინეს. პენსიონერი მოხუცთა თავშესაფარში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. მეგობარმა, რომელიც მას ჩალაგებაში ეხმარებოდა, არასაჭირო ნივთების გაყიდვა შესთავაზა. აუქციონერმა ჯოშ ლევინმა, რომელიც ავტოფარეხში ათვალიერებდა ნივთებს, აღმოაჩინა ნახატი, რომელიც პოლოკის ნამუშევარი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ის მოხუცის ნახევარდას ეკუთვნოდა, რომელიც მხატვრის მეგობარი იყო.
ნახატი გუაშით არის შესრულებული და ის პოლოკმა 1945-1949 წლებში შექმნა. ამბობენ, რომ ნახატის ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონ დოლარამდეა, მისი გაყიდვა აუქციონზეა დაგეგმილი, რომელიც 20 ივნისს გაიმართება.
ჯექსონ პოლოკი ამერიკული მხატვრობის ერთ-ერთი გავლენიანი შემოქმედი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მან სიცოცხლეშივე მოიპოვა აღიარება, თუმცა კონფლიქტური ხასიათისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, მარტო ცხოვრობდა. ჯექსონ პოლოკი 1956 წლის აგვისტოში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

Comments