აკაკი ზოიძე ე.წ. ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის შექმნას ითხოვს


აკაკი ზოიძე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ე.წ. ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. ”ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ, საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებას და სამართალადამცავთა ქმედებებს. ამ ოთხი სვეტის ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. ეს მიდგომა ედო საფუძვლად მიდგომას, რომელსაც თანმიმდევრულად ეწეოდა ”ქართული ოცნება” მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და შემსუბუქდა მთელი რიგი ნორმები”, - განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება. ზოიძის თქმით, ეს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა და მასში ასახულიი იქნება მიდგომა, რომ ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ ჩადის სხვა დანაშაულს. „ნარკომომხმარებელი ის კი არ უნდა დაისაჯოს ციხეში გამომწყვდევით, არამედ უნდა დავეხმაროთ ცხოვრების გამოსწორებაში, არანაირი კომპრომისი არ უნდა იქნას დაშვებული და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს საკანონმდებლო ნორმები და სამართალდაცვითი ღონისძიები, რომლებიც მიმართულია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, მათ შორის უნდა მოხდეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობის გათანაბრება ნარკოტიკულ დანაშაულთან."- განაცხადა ზოიძემ. მისივე თქმით, ასევე  ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მიმართებაში, უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო ნაბიჯები და სპორტი უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად იარაღად. 
მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.
მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა - 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები. 
ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

Comments