სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გუშინ, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდია საავადმყოფოში იმყოფება და გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
"ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა,“- განაცხადა თორდიამ.
შემთხვევა გუშინ თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.
აუდიტის სამსახურის უფროსი თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორად 2012 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურის ყველაზე მოკლე პერიოდის განმავლობაში მართავდა. მისი სახელი უკავშირდება ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებას საკნიდან უკანონო გაყვანაზე. ქართულ სამართალწარმოებაში მერაბიშვილის ბრალდება არ დადასტურდა. მოგვიანებით, მან სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.
Comments
Post a Comment