პუტინი: თურქეთთან ურთიერთობების აღდგენა წარმატებით დასრულდა

https://youtu.be/BMP9t4LTleg

ქალაქ სოჭში რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
რუსული სააგენტოების ცნობით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის სირიის კონფლიქტი, ტერორიზმთან ბრძოლა და ორქვეყანას შორის ურთიერთობები.
პრესკონფერენციაზე ერდოღანმა, სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად გაწეული შრომისთვის პუტინს მადლობა ორჯერ გადაუხადა და განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტი "ღია ჭრილობაა, რომლიდანაც სისხლი მუდმივად მოედინება". ამასთან, ერდოღანმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ამბავს და განაცხადა, რომ ეს ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვაში ყველაზე დიდ როლს თურქეთის, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებები ასრულებენ. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გზით არის შესაძლებელი.
ამასთან, პრეზიდენტები სირიაში ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. პუტინის თქმით, ასეთი ზონის შექმნას მხარს უჭერს როგორც დამასკო, ასევე თეირანი და ვაშინგტონიც. პუტინმა განმარტა, რომ ასეთ ზონებში სამხედრო მოქმედებები არცერთმა მხარემ არ უნდა განახორციელოს.
ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა თურქეთთან ურთიერთობების აღდგენასა და გაუმჯობესებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და თურქეთს ურთიერთობა 2015 წელს დაეძაბათ, როდესაც თურქეთის სამხედრო ავიაძალებმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ მაშინ BBC იუწყებოდა. 2016 წელს კი ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდა მომხდარი ფაქტის გამო.
"გარკვეული პერიოდის უკან, ჩვენი ურთიერთობები გამოცდის ეტაპზე იყო, ახლა კი დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთობების აღდგენის პერიოდი წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 
პუტინმა თურქეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, რუსეთი თურქეთის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში 22 მილიარდ დოლარს ჩადებს. ეკონომიკურ ურთიერთობებზე ლაპარაკისას, პუტინმა თქვა, რომ ის და ერდოღანი სავაჭრო ბარიერების მოხსნაზე შეთანხმდნენ. 
2 მაისს ვლადიმერ პუტინი სოჭში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდა

Comments