კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის კონტეინერების გადამუშავების "ახალი სქემა" საპორტო ტერმინალის კონკურენტებს შეზღუდავს.
14 კომპანიის საჩივარს კონკურენციის სააგენტო 11 თვის განმავლობაში სწავლობდა. საჩივარი შეეხებოდა ფოთის პორტის მიერ გამოცემულ, 2016 წლის პირველი ივლისიდან ასამოქმედებელ ბრძანებას, რომელიც გულისხმობდა ფოთის პორტის მხრიდან საზღვაო ტვირთის (კონტეინერის) გემიდან სატრანსპორტო საშუალებაში გადმოტვირთვის, პორტის კუთვნილ ტერიტორიაზე ტრანსპორტირების და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობების მომსახურებებზე ერთიანი, ინტეგრირებული ტარიფის დაწესებას.
"საქმის გარემოებების ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ ფოთის პორტის მხრიდან დაგეგმილი "ახალი სქემის" ამოქმედებით შეიზღუდება ნავსადგურიდან გარე ტერმინალებში კონტეინერების სატრანსპორტო გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების ბაზრები, ისეთი ფორმით, რომელიც საზიანოა მომხმარებლის ინტერესებისათვის", - წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტომ იმსჯელა, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ასპექტში, შეზღუდვის გამართლების საკითხებზეც, თუმცა მიიჩნია, რომ "ხსენებული ფორმით კონკურენციის შეზღუდვის ობიექტური გამამართლებელი გარემოებები სახეზე არ არსებობს," - ნათქვამია დასკვნაში რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
Comments
Post a Comment