ინტერპოლმა იანუკოვიჩის ძებნა შეწყვიტა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
ინტერპოლმა დაადასტურა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ ძებნა შეწყვიტა. ინფორმაციას იანუკოვიჩის პრესმდივანი, იური კირასირი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“ინტერპოლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლის წითელი ცირკულარზე, ან დაპატიმრებაზე რაიმე მოთხოვნა არ ვრცელდება. ამაზე მონაცემები ინტერპოლის ბაზაში არ არის“ - წერს კირასირი.

მისი განცხადებით, მათ ეს პასუხი იანუკოვიჩის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანიის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხად მიიღეს.
ვიქტორ იანუკოვიჩი 2010-2014 წლებში უკრაინის პრეზიდენტი იყო. მან ქვეყანა 2014 წლის ცნობილი მოვლენების, ეგრეთ წოდებული ევრომაიდნის დროს დატოვა. იანუკოვიჩზე უკრაინაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მანამდე მისი ქონების ნაწილი, კერძოდ ავტომობილები დააპატიმრეს.   

ამას გარდა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერპოლმა წაშალა ყველა მონაცემი ყოფილი პრეზიდენტის შვილზე, ალექსანდრე იანუკოვიჩზეც, რომლის დაპატიმრებასაც უკრაინის პროკურატურა ინტერპოლისგან სისტემატურ რეჟიმში მოითხოვდა.

Comments