საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 25 აპრილს ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს შეხვდება და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას მიაწვდის. „მე, როგორც კომისიის მდივანს, სურვილი მაქვს შეხვდე და შემაჯამებელი ინფორმაცია მივაწოდო ვენეციის კომისიას როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ბოლო ეტაპის, ისე იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ ორი დღის წინ დაამტკიცა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ინიცირებასთან ერთად, როგორც კი პროექტის ინგლისური ვერსია მზად იქნება, პარლამენტი ოფიციალურად გაუგზავნის კანონპროექტს ვენეციის კომისიას.
„ჩვენ რომ არ მივიღოთ არც ჩვენი და არც სხვისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ქვეყნისთვის საუკეთესო კონსტიტუცია გვქონდეს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამოსავალი არის ვენეციის კომისიის ობიექტური ექსპერტების მოსაზრება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იმყოფება.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი). დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა. ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
Comments
Post a Comment